copy the linklink copied!თავი 5. რეკომენდაციები დარგში პოლიტიკის განმახორციელებლებისათვის

მოკლე მიმოხილვა

ამ თავში შეჯამებულია უმთავრესი დასკვნები, რომელიც მიღებული იქნა განხორციელებული ანალიზის შედეგად. აქვეა მოცემული რეკომენდაციები, რომელიც გათვლილია საქართველოს მთავრბიდან დარგში პოლიტიკის განმახორციელებლებისათვის. სხვადასხვა გადასაჭრელ საკითხებთან ერთად, წინამდებარე თავი ეხება მაკროეკონომიკური მდგომარეობის და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების, პოლიტიკურ და ინსტიტუციონალურ გარემოს და ფინანსებზე წვდომისა და მათი ღირებულების საკითხებს. ეს საკითხები მოიცავს დარგში არსებულ პოლიტიკასთან და მარეგულირებელ გარემოსთან დაკავშირებული ბარიერებს; ფინანსებზე წვდომისა და მათ ფასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ენერგიაზე ფასწარმოქმნისა და წიაღისეულ საწვავზე სუბსიდირების საკითხებს.

    

საქართველოში ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები მდგრადი ენერგიების ბაზრის ჩამოყალიბებას, საკრედიტო პროდუქტების განვითარების გზით, ენერგო ეფექტურობისათვის ხელშეწყობაში ხედავენ. ბანკები აგრეთვე მოზიდული კაპიტალებით გასცემდნენ სესხებს მცირე ჰიდრო პროექტების განმახორციელებლებზე. ეს დაეხმარა საქართველოს გადასულიყო უფრო მდგრად და კონკურენტუნარიანი განვითარების გზაზე. ეს ასევე ასახავს მთავრობის მიერ უფრო რესურსეფექტური და დაბალნახშირბადიანი ეკონომიკისაკენ სწრაფვას.

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებმა (სფი) გამოყვეს მნიშვნელოვანი მოცულობის მდგრადი ენერგიების საკრედიტო ხაზი, სულ მცირე საქართველოს რვა კომერციული ბანკისა და ფინასური დაწესებულებებისათვის. ეს საკრედიტო ხაზი გამოყენებული იქნა მრეწველობის სფეროში, კომერციული კომპანიებისათვის და საოჯახო მეურნეობებისათვის კრედიტის საბოლოო მომხმარებელზე გადასაცემად, უპირველეს ყოვლისა ენერგო ეფექტურობაში ინვესტირების განსახორციელებლად.

ბაზარი ენერგო ეფექტური ინვესტიციების განხორციელებისათვის მნიშვნელოვნად უფრო დიდია, ვიდრე აღნიშნული საშუალებებია. ინვესტიციების დიდი ნაწილი მოხმარდა ძირითადად სააქციო და მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოებს. მიუხედავად ამისა, არ არსებობდა ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა ენერგიის დაზოგვასთან ან სათბური გაზების (სგ) ემისიის შემცირებასთან დაკავშირებით.

ენერგო ეფექტიანობის განხორციელებას მსს-ს შორის მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია ეროვნულ დონეზე. მაგალითად, ეს შეიძლება შეეხებოდეს კონკურენტუნარიანობის გამოწვევებს, მაღალი ღირებულების წიაღისეული საწვავის შემცირების გზით. ამან, ასევე შეუძლია გააუმჯობესოს ენერგო უსაფრთხოება, წიაღისეული საწვავის იმპორტის შემცირების გზით. როგორც არ უნდა შევხედოთ ამ მოვლენას, საქართველოში პოლიტიკის განმახორციელებლები, მდგრადი ენერგიების სფეროში კრედიტების გაცემას, განსაკუთრებით - მსს-ზე, ჩვეულებრივ არ განიხილავენ მთავრობის უშუალო ჩართულობის ან მხარდაჭერის სფეროსდ.

მწვანე სესხები ჩვეულებრივ განიხილება სრულად კომერციულ ტრანზაქციად კერძო ინსტიტუციებს შორის. ამგვარი ინვესტიციები ძირითადად ხორციელდება, უპირველეს ყოვლის მათი პროდუქტიულობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისით. გარემოს დაცვითი ან სხვა უპირატესობებს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება და ზოგჯერ, საერთოდ არ განიხილება. მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები (სფი) უშვებენ, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება მოდელის დემონსტრირება და კრედიტით მოსარგებლენი მიიღებენ წმინდა დანაზოგებს ენერგოეფექტური ინვესტიციებიდან, ენერგო ეფექტურ ფინანსების ბაზრის დინამიკა დამოუკიდებელი უნდა გახდეს. ამ ეტაპზე, მწვანე ფინანსების ბაზარი საქართველოში არ განვითარდა ისე სწრაფად, როგორც ამას ელოდნენ.

წინამდებარე ანგარიში წარმოაჩენს რამდენიმე ბარიერს, რაც ხელს უშლის დინამიური ბაზრის განვითარებას. ანგარიში მოიცავს აღნიშნულ სფეროში მოქმედ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს და მარეგულირებელ გარემოს, რომელიც საჭიროებს გაუმჯობესებას; ესაა ფინანსებზე წვდომისა და მათი ღირებულების საკითხები, ენერგიაზე ფასწარმოქმნის და წიაღისეული საწვავის სუბსიდირების მახინჯი პრაქტიკა და საქართველოში კლიმატთან დაკავშირებული საკითხების უფრო ფართო ინვესტირების აუცილებლობა. პოლიტიკის გამტარებლებს შეუძლიათ წაახალისონ აღნიშნული ბარიერების უმეტესობის დაძლევა, რაც უფრო დეტალურადაა აღწერილი ქვემოთ.

copy the linklink copied!5.1. გარემოს დაცვის პოლიტიკის და რეგულაციების გაძლიერება

პოლიტიკასთან დაკავშირებულმა რამდენიმე რეფრმამ ხელი შეუწყო მდგრად ენერგიებს, კლიმატურ და გარემოს დაცვის მახასიათებლებს და, უფრო ფართოდ, მწვანე ზრდას. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი სამუშაოა გასატარებელი იმ კანონებისა და რეგულაციების ბოლომდე მისაყვანად, რომლებიც გააძლიერებენ მოთხოვნას მწვანე ფინანსებზე, კერძოდ, მსს-ის მხრიდან. დეტალურად ეს მოყვანილია ქვემოთ:

  • გარემოს დაცვის კანონმდებლობის გაძლიერება: კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია „მესამე ენერგეტიკულ პაკეტთან“ და ეკ-ის სხვა დირექტივებთან, ენერგეტიკული თანამეგობრობის კანონებთან ერთად, უნდა იქნას დასრულებული და მიღებული საკანონმდებლო დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ პირველადი კანონმდებლობა მნიშვნელოვანია, იგი არაა საკმარისი. მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს ტექნიკურ განხორციელებას ქმედითი რეგლამენტების და დამხმარე პროგრამების შემუშავებით. ამბიციურ ენერგო ეფექტური სტანდარტებს ენერგო მომხმარებელი მოწყობილობებისთვის, ტრანსპორტისა და შსენობებისთვის კანონიერი ძალა უნდა მიეცეს და ეტაპობრივად შესრულდეს. ტექნიკური დახმარების სხვა საკითხებია: ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, ენერგო მენეჯმენტის სისტემების სტიმულირება (მაგ. ISO 50 000 სერიის სტანდარტები, International Performance Measurement and Verification Protocol) და ენერგო აუდიტის განხორციელება, როგორც ენერგეტიკული სერვისების შემადგენელი ნაწილი. მთავრობამ ასევე უნდა გაითვალისწინოს სუფთა ენერგეტიკული ინდუსტრიის სტრატეგიის შემუშავება, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივი ტექნოლოგიებისა და სერვისების წახალისებას.

  • მსს-ის, კლიმატისა და მათთან რელევანტურ სექტორებში არსებული პოლიტიკების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა: როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, საქართველოს აქვს მზარდი და კომპლექსური ჩარჩო (პოლიტიკის დოკუმენტები, სტრატეგიები და განსახორციელებელი პროგრამები), როგორც მწვანე ზრდისთვის, ასევე მსს-ის განვითარებისათვის. მთავრობისთვის აუცილებელია მოახდინოს განახლებად ენერგიებთან, ენერგო ეფექტურობასთან სგ-ის ემისიების შემცირებასთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების და მიზნების ურთიერთდაკავშირება და ინტეგრირება. მას აგრეთვე ესაჭიროება უზრუნველყოს ამ მიზნების თავსებადობა და მათი ასახვა უფრო ფართო განვითარების მიზნებში და სექტორულ პროგრამებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ეხება მსს-ის მხარდაჭერას.

  • გარემოს დაცვის რეგულაციებისა და მათი აღსრულების მექანიზმების გაძლიერება: სუსტი გარემოს დაცვის რეგულაციები და მათი აღსრულების მექანიზმები (მაგ. ემისიებთან, ნარჩენებთან, დაბინძურებასთან, შენობებთან, ტრანსპორტთან დაკავშირებით) მსს-ში იწვევს სტიმულის შემცირებას, რათა კონცენტრირება მოახდინონ ეკოლოგიურ მახასიათებლებზე და, ამასთან ამცირებს მოთხოვნას ფინანსურ საშუალებებზე. ქართული საწარმოები, პატარებიდან დიდებამდე, თვლიან, რომ მკაცრი გარემოს დაცვის პოლიტიკები, აღსრულების უკეთესი მექანიზმები, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რაც გავლენას იქონიებს საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე. ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისას, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იქნება, მაგალითად, რესურს ეფექტურობა და სუფთა წარმოების ღონისძიებები (OECD, 2018[1]).

  • დაბეგვრისა და სხვა სტიმულირების მექანიზმების შემუშავება: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უნდა განიხილოს შემდგომი საგადასახადო სტიმულები, რაც ხელს შეუწყობდა ინვესტიციების განხორციელებას გარემოს დაცვის მიმართულებით. ეს გულისხმობს დაჩქარებულ ამორტიზაციას და გადასახადის შემცირებას იმ მოწყობილობებზე, რომელიც იყენებს განახლებად ენერგიას და ენერგო ეფექტურია, აგრეთვე შესაძლებელია კორპორატიული საგადასახადო შეღავათის შემოღება გარემოს დაცვით ინვესტიციებზე.

  • მწვანე ინვესტიციების ხელშეწყობა მსს-ის მეშვეობით. მთავრობა სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შეძენაზე ხარჯავს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 18.4%-ს (World Bank, 2017[2]). ფაქტიურად, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უკვე განიხილავს გარემოს დაცვისა და ენერგო მახასიათებლების კრიტერიუმების ინტეგრირებას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში. მთავრობამ აგრეთვე უნდა განიხილოს მსს-ის კომპეტენცია, რათა ისინიც ჩართონ შესყიდვების სისტემაში. ამ პროცესის შედეგად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ის, რომ მსს-მა უკეთ შეძლონ შევიდნენ კონკურენციულ ბაზრებზე, მდგრადი საქონლისა და სერვისების მიწოდებით (OECD, 2016[3]), (Singh, 2016[4]).

  • ენერგიაზე ფასის განსაზღვრის რაციონალიზაცია: საქართველოში, შედარებით დაბალი ფასები ენერგიაზე პოზიტიურად აისახება ეკონომიკის განვითარებაზე. თუმცა, ეს იწვევს სტიმულების შემცირებას, რათა მსს-ბმა ინვესტირება განახორციელონ რესურს- და ენრგო ეფექტურობაში და განახლებად ენერგიებში. 2017 წელს მთავრობამ შესწორება შეიტანა საგადასახადო კოდექსში და გაზარდა გადასახადები წიაღისეულ საწვავზე. ამასთან, ხორციელდება ბუნებრივი გაზის სუბსიდირება ელექტრო და თბო გენერაციაში, თუმცა იმაზე ნაკლებად, ვიდრე ამას აკეთებენ რეგიონის სხვა ქვეყნები. მთავრობა უნდა იყოს თანმიმდევრული ენერგიაზე ფასდადების რეფორმებში. ეს გულისხმობს ენერგიაზე ტარიფის სტრუქტურაში სოციალური დაცვის მექანიზმის ინტეგრირებას, უღარიბეს და ყველაზე მოწყვლად მომხმარებელთათვის. დამატებითი სოციალური დაცვის ზომები, რომელიც დაეფუძნება შემოსავალებს, შემოღებული უნდა იყოს ე.წ. კეთილდღეობის სისტემის მეშვეობით. ეს შესაძლებელს გახდიდა თავიდან ყოფილიყო აცილებული გაურკვევლობა და დამახინჯებული ფასები ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით.

copy the linklink copied!5.2. მსს-ის როლის განსაზღვრა "მწვანეზე" გარდამავალ პერიოდში

ენერგო და მდგრადი განვითარების სტრატეგიების შემუშავებისას, პოლიტიკის გამტარებლები, დაფინანსებისა და განხორციელების პროცესში, ხშირად ყურადღებას ამახვილებენ უფრო დიდი კომპანიების და ბანკების როლზე. პოლიტიკის გამტარებლებმა უფრო ნათლად უნდა გაითვალისწინონ მსს-ის როლი ეროვნული მიზნების განსაზღვრისას. ეს მიზნები უნდა მოიცავდეს როგორც ენერგო ეფექტურობასთან, ასევე უფრო ფართოდ რესურსების ეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებს:

  • მწვანე ფინანსირების სტრუქტურის შემუშავებისას მსს-ის მნიშვნელობის უკეთ გათვალისწინება: გაურკვეველია რა დონეზე იყო გათვალისწინებული შედარებით პატარა მსს-ბი ეროვნული ენერგო ეფექტურობის სამოქმედო გეგმის (ეეესგ) და დაბალი ემისიებიანი განვითარების სტრატეგიის (დეგსგ) შემუშავებისას. ამ ტიპის საწარმოების პრობლემები და გამოწვევები უფრო კარგად უნდა იყოს გათვალისწინებული მომავალი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისას. იგი უნდა მოიცავდეს, მაგალითად, ეეესგ-ის და დეგსგ-ის გადახედვას და მწვანე ეკონომიკის სტრატეგიის და ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (ეგწ) შემუშავებას. ეს შესაძლებელს გახდიდა გარკვეული დონის კოორდინაციას და კავშირს პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისას.

  • მსს-ის როლის გააზრება ეროვნული პოლიტიკებისა და მიზნების განსაზღვრისას: საქართველოს განსაზღვრული აქვს ქვეყნის კლიმატისა და მდგრადი განვითარების მიზნები ასახოს მთელ რიგ სახელმწიფო და კერძო სტრატეგიებში. ადგილობრივ დონეზე ეს გულისხმობს მუნიციპალური განვითარების მხარდამჭერ ორგანიზაციას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მწვანე ქალაქების ჩარჩოს და აზიის განვითარების ბანკის თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის პროგრამას. ამ ტიპის პროგრამებში მსს-ის მონაწილეობა ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს გათვალისწინებული.

  • მსს-ის დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების უკეთ შეფასება, როგორც მწვანე განვითარებაზე გადასვლის ნაწილი. აუცილებელია უფრო ნათელი შეფასების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეეესგ-ში, დეგსგ-ში და ეგწ-ში კლიმატთან დაკავშირებული დაფინანსების საკითხები არასაკმარისადაა შეფასებული. ეს გამოავლენდა იმას, თუ საჭირო ფინანსების რა პროცენტული თანაფარდობა უნდა იყოს მოზიდული საჯარო და კერძო სექტორიდან და რა სახსრები უნდა გაიღოს მსს-მა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრიორიტეტების განსაზღვრისთვის ენერგო ეფექტურობას, შენობების განახლებასა და მცირემასშტაბიან განახლებად ენერგიის წყაროებს შორის.

copy the linklink copied!5.3. მსს-თვის ფინანსებზე უფრო ფართო წვდომის გაუმჯობესება

მწვანე ინვესტიციები ვერ განხორციელდება ვიდრე საქართველოში მსს-ბი მწვანე ფინანსებზე წვდომისას დიდ გამოწვებვებს აწყდებიან. იმისათვის, რომ სარგებელი ნახონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე საექსპორტო შესაძლებლობებიდან, საქართველოს მსს-ს ესაჭიროებათ ინვესტიციების განხორციელება საკუთარი ბიზნესის მოდერნიზაციაში, კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. რეკომენდაციები მსს-ის განვითარების სტრატეგიის მიმართ მოიცავს 5 პრიორიტეტულ ქმედებას: 1. შესწორებების შეტანა საჯარო გრანტების შესახებ არსებულ იურიდიულ ჩარჩოში; 2. სესხების შეთავაზების მხარესთან დაკავშირებული უნარების გაუმჯობესება, რათა ხელსაყრელად იქნას გამოყენებული რეგიონში წარმოდგენილი ბანკები; 3. სესხების მომთხოვნი მხარისათვის ფინანსური საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება და სამიზნე ჯგუფებად მსს-ის განსაზღვრა; 4. საკრედიტო-საგარანტიო სქემების შემუშავება, როგორც რისკების განაწილების მექანიზმი და 5. მსს-ის ალტერნატიული არასაბანკო და ფასიანი ქაღალდების ემისიით დაფინანსების მექანიზმების დახვეწა.

  • შესწორებები ლეგალურ ჩარჩოში გრანტების შესახებ: საქართველოს ესაჭიროება შესწორებების შეტანა იმ კანონებში, რომლებიც არეგულირებენ საჯარო გრანტების უზრუნველყოფის საკითხებს. შესწორებების შეტანა კანონში გრანტების შესახებ (სპ, 1996), წინაპირობას წარმოადგენს მსს-ის მხარდამჭერი ეფექტური პოლიტიკების შესამუშავებლად, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო (აწარმოე საქართველოში), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (სიტს) და სხვა ინსტიტუციები და მიზნად ისახავს ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენას იმ კომპანიებისათვის, რომლებიც სიძნელეებს განიცდიან საქართველოში საბანკო სესხის მიღებისას.

  • საბანკო შესაძლებლობების გაუმჯობესება მსს-თან მიმართებაში: საქართველომ უნდა გააუმჯობესოს საკუთარი საბანკო სექტორის შესაძლებლობები, რათა მათ მსს-ს უკეთესი მომსახურება შესთავაზონ. მთავრობამ პარტნიორული ურთიერთობა უნდა დაამყაროს ისეთ დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ბანკების ასოციაცია, რათა შეიმუშაოს ქვეყნის მასშტაბებზე გათვლილი შესაძლებლობების განვითარების პროგრამები მსს-ის დაფინანსებისთვის. ეს შეიძლება გაკეთდეს სერთიფიცირების პროგრამების მეშვეობით. ამასთან, რისკების მართვის კურსები, შესაძლებელს გახდის გამოვლენილი იქნას მსს-თან დაკავშირებული ფუნდამენტური რისკები და მათი მართვის მექანიზმები. მაგალითად, საკრედიტო ქულების საფუძველზე შესაძლებელია შეფასდეს მსესხებლის კრედიტუნარიანობა. მეტიც, ბანკების მსს-თან დაკავშირებული დეპარტამენტების მენეჯერებისათვის შესაძლებელია დისკუსიების ორგანიზება, რათა გაზიარებული იქნას ამ სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკა.

  • სესხების მომთხოვნი მხარისათვის ფინანსური საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება და სამიზნე ჯგუფებად მსს-ის განსაზღვრა. საქართველომ უნდა განახორციელოს სწორი საგანმანათლებლო ინიციატივები ფინანსების სფეროში, რათა მოხდეს მეწარმეთა უნარების გაუმჯობესება ამ კუთხით. ეს დაეხმარებოდა ინფორმაციის ასიმეტრიულობის შემცირებას მსს-სა და სესხის გამცემებს შორის, და ამგვარად შეამცირებდა შესაძლო რისკებს, რაც ამ უკანასკნელმა შეიძლება მიიღოს. მსს-ს ესაჭიროებათ უფრო მეტი ცოდნა ბაზარზე არსებული ფინანსური პროდუქტების შესახებ, ასევე ის, თუ როგორ შექმნას სანდო ბიზნეს-გეგმები და მყარი ფინანსური ანგარიშები სესხებზე მიმართვისათვის. „აწარმოე საქართველოში“ გადადგა რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი ამ მიმართულებით. ეს გულისხმობს ფინანსური სატრენინგო მასალების ბიბლიოთეკის, ცალკე მსს-ის ქეისის, ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო მინი-კურსის შექმნას საკუთარი ბენეფიციარებისათვის. შემდგომი დახმარება შესაძლებელია ორგანიზებული იქნას რეგიონალური სავაჭრო პალატების მიერ და საქართველოს ეროვნული ბანკისა და ბანკების ასოციაციის სავარაუდო მონაწილეობით.

  • საკრედიტო-საგარანტიო სქემების (სსს) გაფართოება: საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ახალი საკრედიტო გარანტირების სქემა (სგს), რათა ხელი შეუწყოს მსს-ბის ფინანსურ ჩართულობას და უპასუხოს სესხების უზრუნველყოფის რთულ მოთხოვნებს. ამ პროექტის ბიუჯეტი საკმაოდ მწირია, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ფაზაა და სქემა სამომავლოდ დარეგულირდება და გაიზრდება. სსს მუშაობს, როგორც რისკების გადანაწილების მექანიზმი გამსესხებლებს (ბანკები), მსესხებლებს (მსს) და გარანტიის გამცემებს (სახელმწიფო ან კერძო სტრუქტურა) შორის. სსს ეფექტურად ქმნის საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებულ წამახალისებელ მექანიზმებს ბანკებისთვის, იმისთვის, რომ მათ დააფინანსონ მეტი მსს-ბი. მოსალოდნელი რისკების შემცირებით, სავარაუდოა, რომ ბანკები მოითხოვენ ნაკლებ გარანტიებს და მსს-ზე გასაცემ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებიც დაიკლებს. შედეგად, უფრო მეტი კრედიტები იქნება გაცემული მსესხებლებზე, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო სსს-ის გარეშე.

  • მსს-ის ალტერნატიული არასაბანკო და ფასიანი ქაღალდების ემისიით დაფინანსების მექანიზმების დახვეწა: ვენჩერულ კაპიტალთან დაკავშირებული გარემო საქართველოში შესაძლებელია დამატებით გაუმჯობესდეს, რათა მოხდეს პატარა და დინამიურად განვითარებადი ბიზნესებისათვის კაპიტალზე წვდომის გაუმჯობესების წახალისება. შესაძლებელია ფონდების დაფუძნება, რათა მათ იმოქმედონ კატალიზატორად კერძო კაპიტალისათვის და უზრუნველყონ მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე მსს-ბი პირველი ინვესტიციებით. მთავრობას შეუძლია შეიმუშაოს სქემები ვენჩერული კაპიტალის და პირველი ინვესტიციების წასახალისებლად საქართველოს მსს-თვის. ამგვარმა სქემებმა შეიძლება უზრუნველყონ დამატებითი ეკონომიკური ეფექტი ფონდების ადრეულ სტადიებზე. კერძო ბაზრების ჩამოყალიბებასთან ერთად საჯარო სექტორის ჩართულობა შეიძლება ეტაპობრივად შეწყდეს. მთავრობას აგრეთვე შეუძლია წაახალისოს აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების ალტერნატიული ფორმები. ეს შეიძლება იყოს ლიზინგი და ფაქტორინგი (ანუ, დებიტორული ანგარიშების მესამე პირებზე გაყიდვა). დამატებით, ამას შეუძლია აამაღლოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ცოდნა და ხელი შეუწყოს ე.წ. „ანგელოზი-ინვესტორების“ ქსელის ჩამოყალიბებას, რაც უზრუნველყოფს საექსპერტო შეფასებას და კაპიტალს, ცალკეულ შემთხვევებში.

copy the linklink copied!5.4. მსს-თვის საქართველოში მწვანე ფინანსებზე წვდომის და მათი მიღების პირობების გაუმჯობესება

მსს-ბი აწყდებიან მნიშვნელოვან ბარიერებს თავიანთ მცდელობაში ჰქონდეთ წვდომა მწვანე ფინანსებზე. ბარიერები დაკავშირებულია საპროცენტო განაკვეთების სიდიდესთან, ვადებთან და საგარანტიო მოთხოვნებთან. არსებობს რამდენიმე ალტერნატივა რასაც შეუძლია გააუმჯობესოს მწვანე ფინანსებზე წვდომა და ამ ფინანსებით სარგებლობის პირობები.

  • ახალი მწვანე ფინანსური ინსტრუმენტების გამოვლენა: საქართველომ უნდა გამოავლინოს შეღავათიანი მწვანე სახსრები/ფონდები, რათა ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი ფინანსებით სარგებლობის უფრო ფართო წვდომას და გაუმჯობესებულ პირობებს მსს-თვის. დეგს-ის და ეეესგ-ისე მიხედვით, ამგვარმა ფონდებმა უნდა უზრუნველყონ პირდაპირი მწვანე ინვესტიციები პროექტებისათვის (მაგ. ნაწილობრივი გრანტი თანადაფინანსებისათვის შეზღუდული საბაზრო სეგმენტისთვის). ალტერნატივის სახით, მათ შეუძლიათ შესთავაზონ უფრო კარგი ხარისხის კრედიტები, ისეთი როგორიცაა შერეული ფინანსირება, უფრო დაბალი განაკვეთით და ხანგრძლივი ვადით. მათ შეიძლება შესთავაზონ რისკების შერბილების მექანიზმები მწვანე კრედიტების პორტფელისთვის, ისეთი როგორიცაა ე.წ პირველი დანაკარგის და ნაწილობრივი საკრედიტო გარანტიები. ამგვარი ტიპის გარანტიები არსებულ კომერციულ ბანკებს შესაძლებელია მიეწოდოს მესამე მხარის მიერ, ისევე, როგორც მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს, რათა მოხდეს ფინანსებზე წვდომის გაფართოება.

  • მსს-თვის მწვანე ფინანსების წყაროების გაფართოება: პატარა სიდიდის მსს-ბი იბრძვიან სფი-დან მწვანე კრედიტების მისაღებად. მთავრობამ უნდა იზრუნოს მწვანე ფინანსების მიღების სხვა საშუალებებზეც (მაგ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები). ამგვარ წყაროებს კარგი სადისტრიბუციო ქსელი გააჩნიათ, მაგრამ მაღალია ფინანსების ფასი, ხოლო ვადები პატარაა. შეღავათიანი სალიზინგო პირობები მწვანე/ენერგო ეფექტურ მოწყობილობებზე და ენერგო სერვისების კომპანიის მოდელებზე, ასევე დაეხმარება მსს-ბს სესხის უზრუნველყოფის და კაპიტალთან დაკავშირებული ბარიერების გადალახვაში.

  • შეღავათიანი პირობების მიცემა: იმ პირობებში, როდესაც სფი-ბი მოწადინებულები არიან არ მოახდინონ ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების დაფინანსებაზე გამიზნული კომერციული სესხების ბაზრის დეფორმირება, თავად ფინანსების ღირებულების საკითხი გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სფი-ებმა უნდა გაითვალისწინონ დიფერენცირებული ფასდადების სისტემის წახალისება მწვანე სასესხო პროდუქტებზე. სადაც ეს შესაძლებელი იქნება, სფი-ბმა უნდა წაახალისონ ადგილობრივი სავალუტო სესხებზე დაფუძნებული მწვანე ინვესტიციები, რათა შეამციროს პოტენციური ზარალის რისკი მსს-ის ინვესტირებისას ენერო ეფექტურ და განახლებადი ენერგიის მიმართულებით.

  • არსებული ინსტიტუციონალური სტრუქტურების გამოყენება მსს-სთვის დაფინანების უზრუნველსაყოფად: საჯარო ფინანსებისა და საჯარო იურიდიული პირების როლი შესაძლებელია გაფართოვდეს და მათ შეითავსონ მწვანე უფლებამოსილებები. ამგვარ სტრუქტურებს უნდა გაუადვილდეთ წვდომა უფრო პატარა სიდიდის მსს-თან. ეს შესაძლებელია გაკეთდეს მათი საკუთარი პროგრამებით ან ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობით, საოპერაციო ხარჯების შემცირების მიზნით. პოტენციურად ამგვარ სტრუქტურებად შესაძლებელია გამოვიდნენ სს „საპარტნიორო ფონდი“, სს „საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ფონდი“ ან „აწარმოე საქართველოში“. თუმცა, პირველ ორს შესაძლოა არ ჰქონდეთ საკმარისი მასშტაბები, რათა გადაამისამართონ ფინანსური ნაკადები კლიმატისა და მწვანე ზრდის პროექტებში. ესაა განსაკუთრებით იმ სექტორის ქეისი, რომელიც განიცდის ფინანსებზე წვდომის სიძნელეებს ან როგორიცაა მსს-ის ტიპის კომპანიები. მთავრობის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი სტრუქტურების ანალიზს. ამისათვის მთავრობამ უნდა შეაფასოს, არსებული ორგანიზაციებიდან, რომელ დამფინანსებელ ერთეულს შეუძლია თავი მოუყაროს მცირე პროექტების დიდ რაოდენობას, რათა შეამციროს რისკები, საოპერაციო ხარჯები და მოიპოვოს წვდომა საერთაშორისო ფინანსებზე.

  • „აწარმოე საქართველოში“ როლის გამოვლენა: შესაძლებელია, რომ „აწარმოე საქართველოში“ წარმოადგენს ყველაზე საჭირო რგოლს, რომელსაც შეუძლია გაზარდოს საქართველოში მწვანე ინვესტიციები. მას აქვს ჩამოყალიბებული ქსელი იმისათვის, რომ თავი მოუყაროს შედარებით პატარა მასშტაბის კომპანიებს მთელს ქვეყანაში. ემგს-ს და „აწარმოე საქართველოში“ შეუძლიათ იმუშაონ ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან იმისათვის, რომ მსს-თვის ფინანსური დახმარების პირობებში მოხდეს სუფთა წარმოებისა და რესურსეფექტურობის გათვალისწინება. შესაძლოა მოხდეს ბანკების წახალისებაც, რათა მათ გადაწყვეტილებებში კრედიტების გაცემის შესახებ, მოხდეს გარემოს დაცვითი კრიტერიუმების გამოყენება. ემგს-მ და „აწარმოე საქართველოში“ უნდა განიხილონ მსს-ის გრანტებით უზრუნველყოფის საკითხი. უნდა მოხდეს რესურსეფექტურობის იდენტიფიცირებისა და შესრულების, გარემოს დაცვითი მენეჯმენტის სისტემის ან სხვა გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ღონისძიების საკონსულტაციო/აუდიტის ხარჯების ნაწილის დაფარვა. ამგვარი გრანტები უნდა გაიცეს კონკურენტული პროცესის საფუძველზე და უნდა ფარავდეს მთლიანი ხარჯების არაუმეტეს ნახევარს.

copy the linklink copied!5.5. საქართველოს ეკონომიკაში მწვანე ფინანსებზე საერთო წვდომის შეფასება

როგორც საქართველოს მდგრადი განვითარების სტრატეგიის ნაწილი, მსს-ის მხარდასაჭერად აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის მწვანე ინვესტირებაში, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს. ამისათვის, საქართველოს მთავრობამ ეს ქმედება უნდა განიხილოს პარტნიორებთან და ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, რათა ეტაპობრივად მიღწეული იქნას ბევრად გაფართოებული წვდომა გარემოსდაცვით ფინანსებზე.

  • მწვანე საბანკო რეგულაციების კვლევა: საქართველოს მთავრობამ უნდა გაანალიზოს არსებული და შეიმუშაოს ახალი მწვანე საბანკო რეგულაციები, რათა დაიხვეწოს მდგრადი სესხებისა და აქტივების მართვის მიმართულება ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. ამის განხორციელების რამდენიმე გზა არსებობს. უნდა მოხდეს უკეთესი სტრუქტურის იდენტიფიცირება და „მწვანე“ და „ყავისფერი“ აქტივების კლასიფიკაცია, „ევროკავშირის მდგრადი ქმედებების ტაქსონომიის“ მიხედვით. უკეთესი რეპორტინგისა და კვლევების სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს მაღალ ნახშირბადიანი აქტივების და კლიმატური რისკების აღმოჩენას. გრძელვადიან პერსპექტივაში, მთავრობამ აგრეთვე უნდა განიხილოს მწვანე აქტივების პრეფერენციული რეჟიმი, მაგალითად, სარეზერვო კაპიტალზე დიფერენცირებული მოთხოვნები. სებ-ის უკანასკნელი „მდგრადი ფინანსების გზამკვლევი“ (NBG, 2019[5]) ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. გზამკვლევი და სამოქმედო გეგმა 2022 წლამდე განიხილავს რამდენიმე ღონისძიებას. ეს ღონისძიებები მოიცავს მდგრადი ფინანსების ტაქსონომიის შემოღებას და კომერციული ბანკებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესაბამის კორპორატიული მართვის კოდექსში გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობითი კომპენსაციების ინტეგრირებას. უნდა მოხდეს აღნიშნული ზომების პრაქტიკულ ქმედებებში და ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმებში ტრანსფორმირება. ამის შედეგად, უნდა მოხდეს ფინანსური ბაზრის „გამწვანება“, გამჭვირვალობისა და საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესება.

  • მწვანე ბონდების ემისია: საქართველომ უნდა მოახდინოს მწვანე ბონდების ბაზრის განვითარება, რაც პოტენციურად სასარგებლო იქნება მსს-ის განვითარებისათვის. მთავრობას (სფი-ის დახმარებით) შეუძლია მწვანე ბონდების ემისია განახორციელოს და წაახალისოს ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები (მაგ. საპენსიო ფონდები) განახორციელონ გრძელვადიანი ინვესტიციები. ამგვარად შესაძლებელია ფონდების მოზიდვა მწვანე პროექტებისათვის და პოტენციურად - მსს-ის სექტორისათვის. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა შეიმუშაონ მწვანე ბონდების სტანდარტები ან გამოიყენონ ის სტანდარტები, რომელიც სხვა ქვეყნებშია.

  • საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალების რესურსების გაერთიანება: მაკრო დონეზე მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ეროვნული და საერთაშორისო კლიმატისა და გარემოს დაცვითი ფონდების გაერთიანება. ეს შექმნიდა ფინანსური და ტექნიკური განხორციელების პლატფორმებს, რომელიც ადვილად ტრანსფორმირებადი იქნებოდა ზომასა და მასშტაბებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება მსს-ბის სექტორის დაფინანსებას. ამ სექტორში რთულია მასშტაბის ეკონომიის მიღწევა, არსებობს მნიშვნელოვანი სტრუქტურული ბარიერები და მსესხებლების გადახდისუნარიანობა კითხვის ქვეშ დგას. ნათელია, რომ სასტარტო კაპიტალიზაციის წყაროსათვის საჭირო იქნება დონორის ფონდები, მწვანე კლიმატის ფონდი და სახსრების მოზიდვის სხვა ფორმები, ენერგო ეფექტურ პროექტებში ფინანსირებისათვის. ესაა ერთი მიდგომა კაპიტალიზაციისათვის.

  • როვნული განვითარების ბანკის ან ფონდის შესაძლო როლის კვლევა: მთავრობა შეიძლება განიხილავდეს ახალი ბანკის ან ეროვნული ფონდის შექმნას, ფინანსური სახსრების განაწილებისათვის. ეროვნული განვითარების ბანკები ხშირად გამოიყენება განვითარების რომელიმე პოლიტიკის გასატარებლად შეღავათიანი ფონდების მეშვეობით. ამ ტიპის ინსტიტუციებმა არ უნდა მოახდინოს კომერციული მოთამაშეებისათვის საბაზრო წესების დამახინჯება (მაგ. გამარჯვებულების წარმოჩინებით ან კომერციული ბანკების შევიწროვებით). მთავრობას აგრეთვე ესაჭიროება შეღავათებისა და სუბსიდიების დასაშვები დონის არსებობა იმგვარად, რომ არ მოხდეს ამ შეღავათების ბენეფიციარების ძალზედ უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება. ამ ტიპის ფონდს ასევე დასჭირდება პროექტების ღირებულების განსაზღვრის, მონიტორინგის და შედეგების შეფასების უნარები. დამატებით, მან ხელი უნდა შეუწყოს ბაზრის განვითარებას უკეთესი მონაცემებით და მწვანე ინვესტიციებიდან მისაღები სარგებლის წახალისებით.

copy the linklink copied!5.6. მსს-ს შორის ცოდნის ამაღლება მწვანე ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით

  • მწვანე შესაძლებლობების შესახებ ცოდნის ამაღლება მსს-ს შორის: მსს-ს დიდ, უკეთესი რესურსებით აღჭურვილ კომპანიებთან შედარებით, ხშირად უფრო ნაკლებად აქვთ ინფორმაცია არსებული შესაძლებლობების შესახებ. ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების და აქედან მომდინარე ეკონომიკური ეფექტის შესახებ უკეთეს ცოდნას პოტენციურ მსესხებლებს შორის, შეუძლია გააუმჯობესოს მწვანე ინვესტიციებზე მოთხოვნა. სახელმწიფოებს აგრეთვე შემოაქვთ სასწავლო სქემები და პრინციპები საინფორმაციო ნაკადების გასაუმჯობესებლად, ცოდნის ასამაღლებლად მწვანე ინვესტიციებიდან მომდინარე სარგებლთან და, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, არსებულ საუკეთესო გამოცდილებასთან დაკავშირებით და ანალიტიკური უნარების გასაძლიერებლად.

  • იმ მექანიზმებისა და მეთოდების მხარდაჭერა, რომლებიც მსს-ს დაეხმარება გარემოს დაცვით ქმედებებში: მთავრობას შეუძლია შექმნას პროგრამები გარემოს დაცვითი ქმედებების და მენეჯმენტის საშუალებების და მეთოდების განვითარების მხარდასაჭერად, რომლებიც გამიზნული იქნება მსს-ებზე. დასაწყისში ეს შეიძლება მიმართული იყოს ენერგო მენეჯმენტზე და მოიცავდეს მარტივ კალკულატორებს, გაუმჯობესებიული ეფექტურობისგან ხარჯების ანაზღაურების პოტენციალის უკეთ გასაგებად, ისევე როგორც, რჩევას თუ როგორ უნდა იქნეს მიღებული შემდგომი მხარდაჭერა და ფინანსები.

  • მწვანე ბრენდირებისგაძლიერება: ძლიერი გარემოსდაცვითი და სოციალური მახასიათებლები სულ უფრო გადამწყვეტი ელემენტი ხდება ბრენდირებისა და ბაზარზე პოზიციონირებისათვის. ზოგიერთ მსს-თან დაკავშირებულ სეგმენტში (მაგ. სასტუმროები, ტრანსპორტი), მდგრადობა, ენერგო- და გაფართოებულ რესურს ეფექტურობასთან ერთად, როგორც ცენტრალური ელემენტი, ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ხდება. მთავრობა უნდა ისწრაფვოდეს მსს-ის ის სექტორი გამოავლინოს, სადაც გარემოს დაცვითი მახასიათებლები მთავარი საფირმო ნიშანია. მთავრობამ უნდა იმუშაოს ამ სექტორებთან მეტი გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების ასათვისებლად, მათ შორის მხარი დაუჭიროს ეროვნული და საერთაშორისო სერტიფიცირების სქემების შემოღებას.

გამოყენებული ლიტერატურა

[5] NBG (2019), “Roadmap for Sustainable Finance in Georgia”, National Bank of Georgia, webpage (accessed 23 October 2019), https://www.nbg.gov.ge/uploads/finstability/roadmap/sustainable_finance_roadmap_eng.pdf.

[1] OECD (2018), Mobilising Finance for Climate Action in Georgia, Green Finance and Investment, OECD Publishing, Paris, https://dx.doi.org/10.1787/9789264289727-en.

[3] OECD (2016), Promoting Better Environmental Performance of SMEs: Georgia, OECD Publishing, Paris, http://www.oecd.org/env/outreach/Georgia%20pilot%20project%20report%20final%20EN.pdf.

[4] Singh, J. (2016), Energy Efficiency Financing Option Papers for Georgia, World Bank, Washington, DC, http://documents.worldbank.org/curated/en/825761475845097689/Energy-efficiency-financing-option-papers-for-Georgia.

[2] World Bank (2017), Georgia – Private Sector Competitiveness Development Policy Operation, World Bank, Washington, DC, http://documents.worldbank.org/curated/en/478801501725663367/pdf/Georgia-Private-Sector-Competitiveness-PD-07112017.pdf.

მეტამონაცემები, იურიდიული და სამართლებრივი უფლებები

https://doi.org/10.1787/943e0535-ka

© OECD 2020

წინამდებარე ნაშრომის გამოყენება, ელექტრონული ან ბეჭდური სახით, განსზღვრულია წესებით და პირობებით, რომლებიც შესაძლებელია ინახოს: http://www.oecd.org/termsandconditions.